• +(995) 558 44 55 66
  • გიყვარდეს შენი პროფესია – აიმაღლე მოტივაცია

    გიყვარდეს შენი პროფესია – აიმაღლე მოტივაცია

    ყველა აღიარებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს მიმართ ინტერესი ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე საინტერესო და პოპულარულ პროფესიებს შორის რეიტინგის ტოპ ათეულში მოხვდა.

    პიარ სპეციალისტები პიარს განმარტავენ, როგორც პროცესს და ამ უსასრულო პროცესში ვართ ყველა ჩართულნი და ალბათ ამ პროცესის „მუღამში“ ყოფნა არის პიარის ხიბლი და ვიტამინი.

    რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოტივაციის ამაღლებისა და პროფესიული ინტერესის გაღრმავებისათვის:

    იყავით ორგანიზებული

    შესასრულებელი სამუშაოების, შეხვედრების გრაფიკის, პროექტების დროსა და სივრცეში გადანაწილება, ეფექტური ფინალის წინაპირობაა.  ორგანიზებულობის დაცვა კანონის დაცვას გავს “დაიცავი განრიგი და განრიგი დაგიცავს შენ”.

    იყავით სხარტი

    დღევანდელი ცხოვრების რიტმი აჩქარებულია ისე, როგორც არასდროს.  მნიშვნელოვან კითხვაზე: “როდის გინდათ ეს სამუშაო რომ შევასრულოთ”? კურიოზული პასუხი ცნობილია: “გუშინ მინდოდა” . სისხარტე დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გაიგოთ დაკვეთის არსი და კლიენტის სურვილები.

    თვითმოტივაცია

    სამუშაოს დაწყების წინ აუცილებელია თვით მოტივირება, დავაჯეროთ ჩვენი თავი, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოგვივა და ყველაფერი კარგად იქნება.

    გიყვარდეს შენი საქმე

    ჩვენ არ ვართ სრულყოფილები – ამ სიტყვებზე დაფიქრება უკვე გარკვეულ შედეგს მოგვცემს. უნდა ვიყოთ ინტერესიანი და ცნობისმოყვარე, ეს უნარი განსხვავებულ შესაძლებლობებს დაგვანახებს, რადგან პიარში სტანდარტულობა მოსაბეზრებელია. შემოქმედებითობა და ხალხთან ურთიეთობის სიყვარული, მუდმივი განახლება და ახლის ძიება – აი, რა არის მთავარი მოტივატორი;

    შეისვენეთ

    დასვენება და სიტუაციის გაანალიზება მნიშვნელოვანი პროცესია, დადებითი და უარყოფითი მხარების გამოსავლენად და შესაფასებლად. პასიური დასვენბა სჯობს, ინტერნეტის, მობილურის და პროფესიული წიგნების გარეშე.

    მოუარეთ თავს

    სრულფასოვანი ძილი, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება და ვარჯიში – მხნედ ყოფნასა და გამძლეობაში გვეხმარება, ხოლო გარეგნობაზე ზრუნვა ჩვენი და გარშემომყოფებისათვის სასიამოვნო ატმოსფეროს – შექმნაში;

     

    ელდარ პირმისაშვილი,

    “პერიტუს გრუპი”