• +(995) 558 44 55 66
  • „ჩვენ გვაქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები”

    „ჩვენ გვაქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები”

    PR სპეციალისტი ჰგავს მოგზაურს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილს სტუმრობს და მისი თითოეული კუთხიდან რაღაც ახალს სწავლობს საკუთარი ინტელექტისა და აზროვნების გასავითარებლად.
    PR თქვენი ნაწილი გახდა, ჰარმონიულად შეერწყა თქვენს ცხოვრებას და აზროვნების სტილი შეცვალა? თუ თქვენ ასე არ აღიქვამთ PR-ს, მაშინ ვერავითარი განათლება და ვერც რამდენიმე დიპლომი ვერ იქნება თქვენი წარმატების გარანტი. თეორიული ცოდნა, რომელიც გვასწავლის,  თუ როგორ უნდა გამოიყენო საკომუნიკაციო ინსტრუმენტი, ძალიან მშრალია.

    ჩემი PR-ში მოსვლის გზა ასეთია: პირველადი განათლებით ხელოვნების ისტორიის კრიტიკოსი ვარ. ეს პროფესია მრავალფეროვანი მიმართულების გამო ავირჩიე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პირველი სამსახური ახლად გახსნილ სამედიცინო კომპანიის PR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი იყო. კომპანიის მფლობელმა მაჩუქა იმ დროისთვის ძალიან იშვიათი, ამერიკიდან ჩამოტანილი წიგნები PR-ისა და რეკლამის დარგში; გავიარე ტრენინგები და მასტერ–კლასები ცნობილ სპეციალისტებთან; ჩემი შემდეგი ნაბიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებში  სასწავლებლად გამგზავრება იყო. რამდენიმე იქაური გავლენიანი პიროვნება დამეხმარა –  პროფესორმა რასტი ბრუქსმა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში, ოთხ PR სპეციალისტთან ერთად, გასაუბრება ჩამიტარა და დაასკვნეს, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნა მქონდა  და პრაქტიკა უფრო მჭირდებოდა. ამის შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ PR სააგენტოში “Jackson Spalding”-ში დავიწყე მუშაობა. სააგენტოში 76 თანამშრომელი მუშაობდა და მათ ცათამბჯენის მთელი სართული ეკავათ. სააგენტოს კლიენტები იყვნენ “CoCa-Cola”, “Delta Airlines”, “Orkin ” და მრავალი სხვა. კომპანია ასევე  ჩართული იყო წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში. მუშაობის იქაური სტილი ძალიან განსხვავდება ჩვენისგან –  რაც იქ ეფექტურია, მას აქ ელემენტარული შედეგის მოცემა გაუჭირდება. თუმცა, ძალიან პროფესიონალურად უდგებიან ყველაფერს, ერთი სიამოვნებაა მათთან მუშაობა – ყველაფერს გეგმავენ 1 წლით ადრე, დელეგირების დონე მაღალია, აქვთ კრიზისული გეგმა. მახსოვს, ერთხელ ახალი კლიენტის ინტერვიუზე გამიშვეს.  წინა საარჩევნო კამპანიაშიც ჩავერთე, ვახშამზე ხან  “City Bank”-ის და ხან “Bank of America”-ს წარმომადგენლების გვერდზე ვიჯექი. საარჩევნო კანდიდატსა და პრეს-სპიკერებს იმდენს ავარჯიშებდნენ ლაპარაკის მანერის, ჟესტიკულაციისა და მიმიკის დაყენებაზე, რომ ეს ცალკე ხელოვნება იყო. სწორედ ამ შთაბეჭდილების ქვეშ ჩავაბარე იმიჯმეიკინგის კურსებზე, ამჯერად მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტთან არსებულ ART & IMAGE  რეპუტაციის მქონე ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

    2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”, რომელიც მართლა შვილივით გვიყვარს. ჩვენ გუნდს აქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები. ახლა PhD-ის გაკეთებას ვაპირებ იმიჯისა და რეპუტაციის მიმართულებით, შემდგომში კი ამ მიმართულებით მუშაობას და მის პოპულარიზაციას.
    PR-ს, როგორც დარგს, ბევრი კარგი სპეციალისტი სჭირდება და მე მჯერა, რომ ჩვენს შემდეგ ჩვენზე კარგი სპეციალისტები მოვლენ.

    ნინა პერტენავა,
    სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”დამფუძნებელი/ PR ექსპერტი