საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოხვედრის შემდეგ გადავწყვიტე, დეტალურად შემესწავლა„ქართული პიარის” განვლილი გზა. შევხვდი ადამანებს, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს ეს საქმე საქართველოში და დაგავეცანი განვითარების ეტაპებს, სიძნელეებს, გამოწვევებს..
გრძელი და რთული გზა გამოგვივლია.
ერთ პატარა ოთახში დაქსეროქსებული ლიტერატურით დავიწყეთ და ინოვაციურ ტექნოლოგიებამდეც მოვედით.
განვითარების გზაზე ალბათ ბევრი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ დაუღალავად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ყველას გაეგო რას ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხალხისთვის გვეთქვა და დაგვეჯერებინა, რომ ჩვენ არ ვართ მატყუარები და პიარი „ცუდ“ სიტყვას არ ნიშნავს. კომპანიები დაგვერწმუნებინა, რომ მათ ვჭირდებით და კარგად აგვეხსნა, რომ ჩვენი მოვალება უფროსის სალონებში გაყოლა და საოფისე ზარების პასუხი არა რის. მოკლედ, ბევრი დრო დაგვჭირდა, რომ ცოტა „აზრზე მოვსულიყავით” ჩვენც და საზოგადოებაც.
პარალელურად საკუთარ პროფესიულ განვითარებაზეც ვიზრუნეთ და ნელ-ნელა მივხვდით, რომ პიარი მხოლოდ მედიასთან ურთიერთობა არ არის, რომ თურმე შიდა პიარიც არსებობს და ესეც ჩვენი საქმეა, თანამედროვე ტერმინოლოგიას მალევე ავუღეთ ალღო, „დიჯითალ” არხებშიც გავერკვიეთ, „კონტენტების“ შექმნა ვისწავლეთ, „სთორი თელინგიც“ დავამუღამეთ, გრაფიკული დიზაინის გარეშე არაფერს ვაკეთებთ, ონლაინ აპლიკაციების უახლოეს შესაძლებლობებს ვიყენებთ, მიმდინარე ტრენდებს ვეცნობით, უცხოურ განათლებას ვიღებთ, ექსპერტების მასტერკლასებსაც ვესწრებით. ერთი სიტყვით, განათლებას და საერთაშორისო გამოცდილებას ვერავინ დაგვიწუნებს.
და ამ რთულ გზაზე გვერდზე დაგვრჩა ყველაზე მარტივი და ყველაზე მთავარი: სულ აღარ გვახსოვს, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობა თითო-თითო ადამიანთან, კონკრეტულ ინდივიდებთან ურთიეთობით იწყება.
და აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო გამოცდილებისა და განვითარების პარალელურად, ჩვენვე დავდივართ დაბრღვერილი, ცხვირაბზეკილი სახეებით, მაშინ, როცა კეთილგანწყობა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ჩვენვე გვავიწყდება მეილზე პასუხის გაცემა, მაშინ, როცა სხვას ვასწავლით მომხმარებელთან ურთიერთობას. ჩვენვე არ ვპასუხობთ ზარებს და თავმომწონედ ვიმიზეზებთ უამრავ საქმეს, მაშინ, როცა ყველაზე ხელმისაწვდომები ჩვენ უნდა ვიყოთ. ჩვენვე გამოვირჩევით საზოგადოების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით, მაშინ, როცა ადამაინებთან ურთიერთბაზე მეტად არაფერი უნდა გვიყვარდეს.
და ამასობაში სულ დაგვავიწყდა,
რომ საზოგადოებათან ურთიერთობა ინდივიდუალური ურთიერთობებით იწყება და სწორედ ეს ინდივიდუალური ურთიერთობა ქმნის ჩვენი და ჩვენი კომპანიის იმიჯს. და თუ არა ჯანსაღად აწყობილი ეს ურთიერთობები, რამდენიც გვინდა ვაფრიალოთ ჩვენი პროფესიული განათლება, ინოვაციური ტექნოლოგიები და უახლესი ტრენდები, მაინც ყველაფერი გვერდზე გვრჩება.